ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე აყოლას არ ვაპირებთ, მათი მიზანია, რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს და ვითარება აირიოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს, ვითარება აირიოს და უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბოს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციული მიზნებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე აყოლას არ აპირებენ.
„მათი მიზანია სიტუაციის დაძაბვა და ესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმა. თუ საქმეზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ საქართველო ერთ-ერთია 38 სახელმწიფოს შორის, რომელიც იყო ინიციატორი, ჰააგის სასამართლოში უკრაინაში მომხდარი ყველა ის ქმედება გამოიძიონ, რასაც რუსეთი სჩადის და ეს პოზიცია სამართლებრივად უზრუნველყოფილი იყოს მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამ პროცესის ინიციატორები ვართ. როგორ მოგეხსენებათ, გამოძიება მიმდინარეობს და მათი სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ჩვენთვის შემდგომი ნაბიჯებისა და, თუ საჭირო იქნება, რეზოლუციის საფუძველიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციული მიზნებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე აყოლას არ ვაპირებთ. მათი მიზანია, რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს, ვითარება აირიოს, უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბოს. მათი დევიზია – რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, არეულ და ამღვრეულ წყალში მით მეტი ხელისუფლების თევზი დაიჭირონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.
„რაც შეეხება მელიას განცხადებას ლაკმუსის ქაღალდზე, განა, მათ ის აინტერესებთ, უკრაინაში რა და როგორ არის, ასევე საერთაშორისო გამოძიება როგორ მიმდინარეობს, მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი, რამენაირად „ქართული ოცნება“ ჩაიჭრება თუ – არა. ოღონდ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ და ქვეყნის, ადამიანების ბედით თამაში შეუძლიათ. ასეთი თამაშ-თამაშობებით ქვეყანა დააზიანეს. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობის მატარებელი ვართ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც მიმართულია პროვოცირებისკენ და არა უკრაინის მხარდასაჭერად, ან საქართველოს პოზიციების გასამყარებლად“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.