ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაჯგუფებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც ჩანს, ორივე დაჯგუფებამ ზურაბ ჭიაბერაშვილს უთხრა, რომ პარტიაში მისი ყოფნა სასურველი არ იყო, ამოაგდეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ არავის ეკითხება აზრს, მიმდინარეობს დაჯგუფებებს შორის ბრძოლა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე დაჯგუფებამ ზურაბ ჭიაბერაშვილს უთხრა, რომ პარტიაში მისი ყოფნა სასურველი არ იყო.
„როგორც ჩანს, ორივე დაჯგუფებამ ზურაბ ჭიაბერაშვილს უთხრა, რომ პარტიაში მისი ყოფნა სასურველი არ იყო, ამიტომ ამოაგდეს და მისი სურვილი გაუქმდა. ფაქტობრივად, პარტიაში ორი ძირითადი დაჯგუფებაა – მერაბიშვილ-კეზერაშვილის და მელიასა და მის გარშემო შეკრებილი ხალხის. როგორც ვხედავთ, პარტიის დიდი ნაწილი დაბნეულია. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოო ჯამში, ყველაფერი თავად პარტიისთვის იქნება დამაზიანებელი. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესისთვის კარგია, რადგან მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში გენერირებს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყნის შიდა და გარე ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. ამით პოლიტიკურ პროცესს მეტი გასაქანი მიეცემა, მათ შორის ოპოზიციას საშუალება ექნება, ორიენტირებული იყოს არა საბოტაჟსა და დესტრუქციაზე, არამედ უკეთესის შეთევაზებაზე, კრიტიკაზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. დღეს კი ჭიაბერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში აღნიშნა: „რა თავმჯდომარეობა, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება“.