ირაკლი ქადაგიშვილი - მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის გადასახედი იქნება თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი, რათა პროცესი უფრო დინამიკური გახდეს
მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის გადასახედი იქნება თანამდებობის პირებთან ურთიერთობის საკითხი, რათა პროცესი უფრო დინამიკური გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა ინფორმაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პარლამენტის კომიტეტებში თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის თაობაზე. ინფორმაციის გათვალისწინებით, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლით, რომელიც კომიტეტების სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებას არეგულირებს, არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირების მოწვევის გადაწყვეტილება არ მიუღია. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევა არცერთ ფრაქციას არ მოუთხოვია და თავად არცერთ თანამდებობის პირს არ მოუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის მოსმენის მოთხოვნით.
„არის უამრავი ფორმა და საშუალება, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში პარლამენტი არაეფექტურად იყენებს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.