ირაკლი ქადაგიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს პირნათლად იცავს, ოპოზიცია ქაჯურად აგრძელებს მტკიცებას, რომ საქართველოში „შავი ხვრელებია“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს პირნათლად იცავს, ოპოზიცია ქაჯურად მტკიცებას მაინც აგრძელებს, რომ საქართველოში „შავი ხვრელებია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რომელიც სენატში საერთაშორისო სანქციებზე მსჯელობას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო საკუთარ საზღვრებს სრულად აკონტროლებს, ოპოზიცია კი მოწოდებულია, რომ ესკალაცია მოხდეს და საქართველო-რუსეთს შორის სიტუაცია გამწვავდეს.
„ოპოზიციის ნარატივი არ შეცვლილა. საქართველოში მისია იყო ჩამოსული და მათი მხრიდან ვითარების ადგილზე გაცნობა მოხდა. ამერიკის სენატში იყო მოსმენა და მკაფიოდ დადასტურდა, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანა არცერთი მიმართულებით საერთაშორისო სანქციების თავის არიდების ადგილს არ წარმოადგენს. ეს უმაღლესი შეფასებაა საქართველოსი, როგორც სანდო პარტნიორის. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი კვალიფიკაციის არიან, ინსტიტუციურად გამართული და მათი თანამშრომლობა მაღალ დონეზეა. საქართველო მყარი პარტნიორია, რომელიც თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ოპოზიციას ის აწუხებს, რომ ნებისმიერი გზით საქართველო უნდა დაზიანდეს, ეს არის სწორედ ქაჯობა და არა – მოქალაქის პროტესტი. ამ ქაჯობას მრავალფეროვანი გამოვლენა აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.