ირაკლი ქადაგიშვილი - მიმაჩნია, რომ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური სარჩული, პრობლემა არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმში, ეს მათი მიკერძოებული პოზიციაა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური სარჩული აქვს სამი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს.
ქადაგიშვილის თქმით, ეს არის მოსამართლეების მიკერძოებული პოზიცია.
„მიმაჩნია, რომ მათი გადაწყვეტილება არის მცდარი. მგონია, რომ მათ გადაწყვეტილებაში არის პოლიტიკური სარჩული იქიდან გამომდინარე, რომ რთულია, ვერ დაინახო კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა არის პრეზიდენტის სტატუსი და მისი უფლებამოსილება. ასეთი მარტივი კაზუსის ამოხსნის დროს ჭეშმარიტებს რომ ვერ ხედავენ, პრობლემა არ არის მხოლოდ პროფესიონალიზმში, არამედ ეს არის მათი მიკერძოებული პოზიცია“, – აღნიშნა ადაგიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან სამმა, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა მხარი არ დაუჭირა. მათი განსხვავებული მოსაზრება უკვე გამოქვეყნდა.