ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გადატრიალება ვერ გამოუვიდა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ განხორციელდეს
როდესაც ქვეყანაში 800-მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება ასე უხეშად ჩაიშალოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მტერი ამას აკეთებს, რათა ამ ქვეყანაში არასდროს არც ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღარ განხორციელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„აქ ყველა გონივრული არგუმენტი უკვე ამოწურულია. თქვენ იცით მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ დროებით შეაჩერა თვითონ ჰესის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მედიატორებიც მოვიწვიეთ, ევროკავშირი. იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ცალკე გამოაცხადა საერთაშორისო კომპანიის დაქირავება, ასე ვთქვათ დამატებითი სამართლებრივი მოკვლევისთვის, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში და პარლამენტმა უკვე საკომიტეტო მოსმენებიც ჩაატარა მათივე თანდასწრებით, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს, არის დესტრუქცია, რომელსაც ამოდებული აქვს ძალიან მდაბიო პოლიტიკური სარჩული. როდესაც ქვეყანაში 800-მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება ასე უხეშად ჩაიშალოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მტერი ამას აკეთებს, რათა ამ ქვეყანაში არასდროს არც ერთი მნიშვნელოვანი და ნორმალური ინვესტიცია აღარ განხორციელდეს. ამას თქვენ ახლა კარგად ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი როგორ დიდი რუდუნებით მუშაობს, რომ ეს პოლიტიკა გავიდეს. ვერ გამოუვიდა პოლიტიკური გადატრიალება, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ქვეყანაში ინვესტიციები არ განხორციელდეს. აი, ეს არის ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.