ირაკლი ქადაგიშვილი - მაქვს ლეგიტიმური კითხვა, საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, გაგვაცანით, რა კორუფციული ქეისებია
ირაკლი ქადაგიშვილი - მაქვს ლეგიტიმური კითხვა, საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, გაგვაცანით, რა კორუფციული ქეისებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებამ კონკრეტული კითხვები გააჩინა. ქადაგიშვილის თქმით, ვიდრე არ იქნება შესაბამისი განმარტება, ეს კიდევ მეტ ბუნდოვანებას შეიტანს აშშ-ის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯში, რომელიც არ არის მისასალმებელი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ უფრო მეტი კითხვა დაბადა, ვიდრე რაიმე სინათლე შემოიტანა, თუ რატომ და რა მიზნებისთვის მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სამი მოსამართლის და ერთი არამოსამართლე პირის, მათი ოჯახის წევრების დასანქცირება. თუ რაიმე აქვთ ჩადენილი მოსამართლეებს, ოჯახის წევრები რა შუაში არიან? რაც შეეხება, მოსალონდელი იყო თუ არა, ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა საფუძვლიანადაა შეცვლილი იმასთან შედარებით, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ყველა მონაცემი არსებობს, მათ შორის ღია წყაროებში და კონკრეტული სტატისტიკა, თუ როგორი პროგრესი განიცადა სასამართლომ და სასამართლო პრაქტიკამ საქართველოში. კონკრეტულად რამდენიმე ციფრს მოვიყვან, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში წაღებული ქეისების რაოდენობა ხუთჯერაა შემცირებული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. პლუს, ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა, დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი და კანონზომიერი. ამასთან ერთად, თუ ვნახავთ სტატიასტიკას, რამდენჯერ არის შემცირებული, მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრობა, გირავნობა, ხუთჯერადად, ათჯერადადაა შემცირებული. ამავდროულად, თუ ვნახავთ საერთაშორისო პროფესიულ კვლევებს სასმართლო სისტემასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში სასამართლოს ნდობის რეიტინგი 50%-ზე მაღალია. ამავდროულად, მოგეხსენებათ, სასამართლოში მუდმივად მიმდინარეობს რამდენიმე ფაზით სასამართლო რეფორმები, დარჩენილია ბოლო ფაზა, რომელიც საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის დასკვნაც მიღებულია ამასთან დაკავშირებით. ამას უნდა მოჰყვეს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები.

ასეთ ვითარებაში უცბად ხდება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება. არ არის კონკრეტულად მითითებული, ამ ადამიანებმა რა ზიანი მიაყენეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ვიღაცას კი არ მიაყენეს ზიანი, საქართველოს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მაქვს ლეგიტიმური შეკითხვა: საქართველოს ხალხის ინტერესებზე გადაწყვეტილებას რატომ იღებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი? მეორე – ლაპარაკია კორუფციულ საქმიანობაზე და ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, გაგვაცანით ჩვენც და გავაცნოთ საზოგადოებასაც, მართლა საინტერესოა, რა კორუფციული ქეისები არის. ვიდრე ეს მხოლოდ სიტყვის დონეზე იქნება დარჩენილი, უფრო ბევრ შეკითხვას და მეტ ბუნდოვანებას ბადებს ამ გადადგმულ ნაბიჯში, რაც არანაირად არ არის მისასალმებელი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.