ირაკლი ქადაგიშვილი - კუბილიუსის განცხადება საინტერესო აღარავისთვის არის, ის ცდილობს, თავი შეინარჩუნოს პოლიტიკაში, სურს, საქართველოს დაზიანების ხარჯზე პოლიტიკური კარიერა გააგრძელოს
მგონი, კუბილიუსის განცხადება საინტერესო აღარავისთვის არის. რატომ აკეთებს ამ განცხადებას? მას აქვს თავისი პირადი ინტერესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გაზაფხულზე ევროპარლამენტის არჩევნები უნდა იყოს და თავის თავს სთავაზობს, როგორც საქართველოზე შემტევი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა, რომ „პარტიაში ოფიციალური თანამდებობა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს“.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, სპეკულაცია დამთავრდა, რადგან საზოგადოებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შევთავაზეთ და თავად ევროკავშირმა თქვა, რომ კანონის მიღება არ ღირს და დეოლიგარქიზაციის თემა უნდა იყოს კომპლექსური მუშაობის საკითხი“.
„აქედან გამომდინარე, კუბილიუსმა ჯერ სამართლებრივად განმარტოს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. კუბილიუსი ცდილობს, თავი შეინარჩუნოს პოლიტიკაში და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში იქნებ ამით გახდეს საინტერესო. ანუ, სურს, რომ საქართველოს დაზიანების ხარჯზე თავისი პოლიტიკური კარიერა გააგრძელოს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ფაქტობრივი სანქციების ქვეშ ჰყავდათ, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო. მან ისიც თქვა, რომ ბევრი აქვს სათქმელი და სასაუბრო. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ერთი საფუძველი მაინც რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდნენ. მის წინააღმდეგ იმ პრაქტიკას არ მიმართავდნენ, რაც სამართლებრივი წესების დარღვევით განხორციელდა. ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციამ ის გაამართლა და მან არაფორმალურად დასანქცირებული თანხების გამოთხოვა შეძლო. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს არის ის კლიშე, რომელიც ოპოზიციას აქვს შექმნილი, რათა ადამიანთან დაკავშირებით რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება იყოს. მაშინ, ვინმემ უნდა ახსნას, რა არის ოლიგარქი? ადამიანს რომ ეუბნები, რაღაც ხარო და ამის გაკეთების უფლება არ გაქვსო, ამას სამართლებრივი დასაბუთება სჭირდება. ის, რომ ვიღაც ვიღაცას პოლიტიკურად ოლიგარქს და ურჩხულს დაარქმევს, ეს არის პროპაგანდის საქმე. ამ პოლიტიკურ პროპაგანდაში ვინც ჩართულია, მუდამ ასე ჩართული იქნება, რადგან მას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ კლიშეები მოიფიქროს, რაც ხალხში ისედაც არ იყიდება. დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აწყობდა, რადგან ნათელი გახდებოდა, ვინ რომელ მედიას აფინანსებდა, ვინ ვის მართავდა პოლიტიკურად. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის ოლიგარქობის მიწერას, ოპოზიციის მხრიდან ამის მცდელობა სულ იქნება, მაგრამ ეს იქნება უნაყოფო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.