ირაკლი ქადაგიშვილი - ხშირად დემოკრატიის სახელით ხორციელდება არაკანონიერი ქმედებები, ერთადერთი მოთხოვნაა, არასამთავრობო სექტორი იყოს ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ყველა დანარჩენი საქართველოში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში დემოკრატიის სახელით ხდება არაკონსტიტუციური და არაკანონიერი ქმედებების განხორციელება.
ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლების ერთადერთი მოთხოვნაა, არასამთავრობო სექტორი იყოს ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ყველა დანარჩენი საქართველოში.
„ასეთ შემთხვევაში ამდაგვარი ეჭვები არ იქნება. ვიცით, რომ NED-ი სრულიად ანგარიშვალდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე და უწვრილმანესი საკითხებიც კი ანგარიშვალდებულებაში ექცევა. ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ გამჭვირვალობას, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი მოქმედებს კანონის შესაბამისად და საზოგადოების ინტერესებით, არ არღვევს კანონს და ჩართული არ არის წინასაარჩევნო მანიპულაციებში. რა თქმა უნდა, დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მიზნები, რომელთა განხორციელებასაც ცდილობენ და ამისთვის იყენებენ პოლიტიკასაც, დიპლომატიასაც და სხვა მეთოდებსაც. მათ შორის, ე.წ. რბილ ძალასაც. თუ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ვართ, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ღია და ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს, ამ ურთიერთობაში ჩრდილები არ უნდა არსებობდეს. საქართველოს ინტერესებში არ შედის, დაპირისპირებების მონაწილე იყოს. ჩვენი მიზანია, საქართველო მშვიდობის ადგილი იყოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.