ირაკლი ქადაგიშვილი - ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი უნდა დავანებოთ, არც ერთი აქცია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, მხარდაჭერას არ იწვევს
ირაკლი ქადაგიშვილი - ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი უნდა დავანებოთ, არც ერთი აქცია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, მხარდაჭერას არ იწვევს

ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი უნდა დავანებოთ. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მხარდაჭერას არ იწვევს, პირიქით, მოსახლეობას აღიზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას სხვა მიზნები და მოთხოვნები აქვს.

„ჯვარი, ევროკავშირი და დროშა ძალიან კარგი შეხამებაა, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ჯვართანაა დაკავშირებული. ქვეყნის მომავალი ჯვართან იქნება დაკავშირებული და ამავე დროს, ევროკავშირთან. როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ, ცოტა ადრე თუ გვიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ, ეს ერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ისე, რომ ჩვენ დავიწყოთ ვნებათაღელვა, ვიღაც მოვიდეს და ამ ჯვრის აღება მაინცდამაინც ახლა მოინდომოს, შემდეგ ამას მოჰყვეს მეორე მხარის მოსვლა, იქ კიდევ ახალი დაპირისპირების კერის შექმნა – თავი უნდა დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას. ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას სხვა მიზნები, მოთხოვნები აქვს. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მხარდაჭერას არ იწვევს, პირიქით – მოსახლეობას აღიზიანებს. თავი უნდა დავანებოთ ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანას, რომელსაც ქვეყნისთვის არასასურველი იმიჯი და მოსახლეობაში დაპირისპირების გაღრმავება შემოაქვს. ცივილიზებული სამყარო ქრისტიანობაზე წარმოიშვა და ამის დაპირისპირებას ნურავინ შეეცდება, რადგან ეს ისტორიის წინააღმდეგ სვლაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.