ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლების შეთავაზებები პოლიტიკური შეთანხმების საშუალებას იძლევა
ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლების შეთავაზებები პოლიტიკური შეთანხმების საშუალებას იძლევა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ეხება.

„ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ეხება. რატომღაც, ეს ყოველთვის მეორე პლანზე დგას ხოლმე და წინ დღევანდელი ცხელი ამბებია წამოსული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი სურვილია, დღევანდელი დღე მხარეებს შორის შეთანხმების კუთხით გადამწყვეტი იყოს.

ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად კონსტრუქციულია.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, არ ვიცი, დღევანდელი დღე იქნება თუ არა გადამწყვეტი, თუმცა ვისურვებდი, გადამწყვეტი იყოს. ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად კონსტრუქციულია და ყველა თემასთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯია გადადგმული ან ისეთი შეთავაზებები აქვს გაკეთებული, რაც ყველაზე კარგ საშუალებას იძლევა, რათა პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს, თუკი მეორე მხარეს ოდნავ მაინც გააჩნია შეთანხმებაზე წამოსვლის სურვილი. მთავარია, მეორე მხარეს აქვს თუ – არა ამის სურვილი. თუ ეს სურვილი რეალურად არსებობს, მაშინ მაგიდაზე დადებული შეთავაზებები ამის ძალიან კარგ და სამართლიან საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” მოლაპარაკების პირობას პირნათლად იცავს.

„ის, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, უსაფუძვლო იყო, რადგან მოლაპარაკება უსაფუძვლოდ ვერ გაგრძელდება. თავიდანვე ვთქვით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ ამის სამართლებრივ საფუძველს შევქმნით. მათ ძველ მოთხოვნებზე მეტს აღარ შევჩერდები, რადგან დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება ყველაფერი და მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ არის როგორც წინადადებებით სავსე, ასევე კონსტრუქციული, რათა შეთანხმება შედგეს. ყველაფერი არის, მათ შორის, კრეატიული მიდგომებიც, რათა შედგეს მოლაპარაკება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.