ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ თავისივე ჩვენებებს არ შეცვლიან, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება კანონსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.
ქადაგიშვილის შეფასებით, მელიასთან მიმართებაში სასამართლომ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
„კარგი იქნება, თუ თავისივე ჩვენებებს, რომლებიც საჯაროდ აქვთ გაკეთებული, არ შეცვლიან. მან დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. ამის შემდეგ მათ დაინახეს, რომ ეს იყო შიშველი ნაჯახით მოჭრილი თემა და აბსოლუტურად მიუღებელი, ამიტომ შეეცადნენ, ამის გასამართლებლად გავრილოვი მოეშველებინათ. ოპერატიულად გამოიყვანეს კავშირზე გავრილოვი და დაიწყეს სპეკულაცია. გავრილოვიც სიამოვნებით დათანხმდა, რომ ქვეყნის ასარევად თავისი ჩართულობა გამოემჟაღავნებინა. ამიტომ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას კანონიდან გამომდინარე უნდა მიეღო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.
მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.