ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შედგენას საკუთარი თავით დაიწყებს, შემდეგ ჩამოჰყვეს მისი პარტიის პოლიტსაბჭოს
ამ სიას თავისი თავით თუ დაიწყებს, კარგი იქნება. ყოველთვის ჯობია, ვიდრე სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, შენს თვალში უზარმაზარი დირე აღმოაჩინო. დაიწყოს თავისი თავით და ჩამოჰყვეს მისი პარტიის პოლიტსაბჭოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. შავის სიის შექმნას უკავშირდება.
მისივე თქმით, ინიციატივა საზოგადოების დაზაფვრას ემსახურება.
„ეს საზოგადოების დაზაფვრას ემსახურება, საზოგადოებაში დაძაბულობის და გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას – ანუ ის, რაც ყველაზე მეტად სურს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ქვეყანა იყოს მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობაში. ეს შავი სიაც ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრაქტიკის კონკრეტული რეინკარნაციაა და ემსახურება ზუსტად იმავე მიზანს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა აირიოს. საინტერესოა ადამიანის უფლებათა დამცველთა რეაგირება ამ ე.წ. შავ სიებზე, როდესაც კუდიანებზე ნადირობის ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.