ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ „ლელოს“ ვინმე კონსულტანტი ეყოლება, იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, ლა მანშზე არა, მაგრამ ლე მანსზე „ფორდ მუსტანგი“ იღებდა მონაწილეობას თუ „ფორდ GT 40“
პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დიდი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება.
„კარგი იქნება, თუ „ლელოს“ ვინმე კონსულტანტი ეყოლება. გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია, საქართველოში კარგია თუ არა არჩევნების დროს ისეთი კლიპი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს უკავშირდება, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა, რომ, იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, ლა მანშზე არა, მაგრამ ლე მანსზე „ფორდ მუსტანგი“ იღებდა მონაწილეობას თუ „ფორდ GT 40“. პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დიდი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია. შეიქმნება თუ არა რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მესამე პოლიტიკურ ძალას ვუწოდებთ? – მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება. ჩვენ სიახლე არ გვაქვს. არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ენჯეოებით“, პარტიებით, ტელევიზიებითა და ფინანსური მომხრეებით, რაღაც პერიოდში იყვნენ ერთად, შემდეგ დაიშალნენ და ეს დაშლილები ცდილობდნენ, გასაღდნენ ისე, რომ ახალი რებრენდინგი მოხდა. ახლა ამბობენ – ჩვენ ვართ სიახლეო. ისინი არ არიან სიახლე, თავიანთი განვლილი ისტორიით კარგად ცნობილი სახეები არიან. აქედან გამომდინარე, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ. საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ით იმიტომ არის განსაზღვრული, რომ პარლამენტი არის არა პირდაპირი გაგებით სალაყბო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციების საკრებულო, რომელთაც ხალხის ნდობა აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.