ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მისმა მიღებამ შეიძლება, ხელი შეუშალოს ქვეყანაში უკანონო პოლიტიკური პროცესების დაფინასებას, ამიტომ აქვთ ატეხილი მუცლის გვრემა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ელემენტრულ კითხვებს ვერ გასცა პასუხი. თქვა, რომ პასუხი არ აქვს და კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლას არ აპირებდა. კანონი არის ქართული, ლიბერალური და დემოკრატიული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, „კანონპროექტის წინააღმდეგ იმიტომ გამოდიან, რომ მისმა მიღებამ, შეიძლება, ხელი შეუშალოს ქვეყანაში უკანონო პოლიტიკური პროცესების დაფინასებას და ამიტომ აქვთ მათ მუცლის გვრემა ატეხილი“.
„ყველაფერზე მიდიან, რომ კანონპროექტის მიღება არ მოხდეს, ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. მათ ვერ გაიგეს, რომ ქვეყანას პატრიოტი ადამიანები სჭირდება და არა უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებების იმედზე ყოფნა. არ შეუძლიათ, საკუთარი ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები გაითვალისწინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.