ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთში მთელი ყურადღება გადატანილია სოფლისა და ოჯახის ექიმებზე, ასევე საავადმყოფოების აღჭურვასა და გამართულ მუშაობაზე
კახეთში საგანგებო რეჟიმის პირობებში არსებული ვითარება სტაბილურია, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარი ყურადღება გადატანილია სოფლისა და ოჯახის ექიმების, ამბულატორიების, საავადმყოფოების, მათ შორის ცხელების ცენტრების მდგომარეობაზე, აღჭურვასა და გამართულ მუშაობაზე.
„სოფლის ექიმები, ოჯახის ექიმები არიან პირველ ხაზზე, მათი გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ექიმთან მიმართვიანობა და სწორი გეზის მიცემა არის ყველაზე უფრო მთავარი. მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც სურთ ოჯახის ან სოფლის ექიმთან ვიზიტი, წინასწარ დაურეკონ ტელეფონზე, რათა მან შეძლოს ნაკადების სწორად მართვა და სწორი კონსულტაცის გაწევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის თქმით, კახეთთან დამაკავშირებელ ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან და სოფელ სასადილოსთან ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი და მოწმდება ავტომობილებში მგზავრთა რაოდენობა.
„დღესდღეობით კახეთში სიტუაცია არის სტაბილური, მაქსიმალურად ვცდილობთ, თეროსკრინიგი იყოს ყოვლისმომცველი და ამით გარკვეული სახის პრევენცია ვაწარმოოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცეა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ფილტრი ვირუსის გავრცელების გზაზე“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.