ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთი, როგორც მწვანე ზონა და მთლიანად საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დამსვენებლებისთვის საინტერესო გახდება
კახეთი, როგორც მწვანე ზონა და მთლიანად საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დამსვენებლებისთვის დიდი ინტერესის სფერო გახდება, ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კახეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მიხედვით ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისკენ არის მიმართული.
„ბევრი სასტუმრო, რომელიც უკვე ბრენდია, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ტურისტულ რუკაზე, მაღალ დონეზე ემზადება, რათა როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ გახდეს მიზიდულობის ცენტრი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.