ირაკლი ქადაგიშვილი - ჯერჯერობით ქალაქ ყვარლის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის
ექიმი, რომელსაც დღეს კახეთში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ბრიფინგზე კახეთში სახელმწიფო რწმუნებუმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში პირველ მაისს დაიწყო პისიარ ტესტირებები რისკჯგუფებში, პირველ რიგში კი, ექიმების გამოკვლევა.
„ტესტირების შედეგად ყვარელში ერთ ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, რომელიც უკვე გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, თბილისში. ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი, მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. ინფიცირებული ქალბატონი „ევექსში“ იყო ექიმი. მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც. დავიწყებთ ყველა მოძიებული კონტაქტის სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. დაზუსტებით რთულია თქმა, ვინ არის წყარო. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 60 პაციენტთან იმყოფებოდა აღნიშნული ექიმი გამოძახებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევის გამო რისკჯგუფში მყოფი ყველა ადამიანი კარანტინში გადავა.
„მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე, მკაცრი თვითიზოლაცია იქნება. ჯერჯერობით ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
გუბერნატორის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი ან რა დამატებითი რეგულაციები გახდება საჭირო, მოგვიანებით, ე.წ. სწრაფი ტესტების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ქალის თანამშრომლებს, სასწრაფო-დახმარების განყოფილების პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტი და ყველა უარყოფითია. ასევე დღეს კლინიკა „ევექსის“ კონტაქტებსა და ინფიცირებულის ოჯახის ოთხ წევრის ნიმუშებს გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. ხიზანიშვილი თქმით, სხვა გარეშე კონტაქტები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
დღეს კახეთში ახალი კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა, ინფიცირებული ექიმია.