ირაკლი ქადაგიშვილი - ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა
ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, ეს პოლიტიკური კონტექსტი, სამწუხაროდ, საქართველოშიც არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„გასაგებია, რომ ოპოზიცია მეათასეხარისხოვან საკითხებს ეკიდება იმ პოლიტიკურ გზავნილებსა და პლატფორმასთან მიმართებაში, რაზეც მათ ბევრი სათქმელი არ აქვთ. ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი აბუჩად აგდების კონტექსტში გადაიყვანონ. ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც ერთი თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებს და უსაფრთხოების ზომები რომ გაძლიერებულია, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა.
„უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს. ეს არ არის დამოკიდებული პიროვნებაზე, მას როგორ და რანაირად სურს. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმ სამსახურების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებაზე, ვინც პასუხისმგებელია კანონისა და დაცვის ობიექტის წინაშე მისი უსაფრთხოებისთვის. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე და როცა უსაფრთხოებას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში სახეზე გვაქვს ის თავდასხმები, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებზე ხორციელდება და ის გზავნილები, რაც საქართველოსთან მიმართებაშიც იყო გაჟღერებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას შესაბამისი გაგებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ოპოზიციისთვის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასეხარისხოვანია. ამიტომ ახლა ისინი ამ მდაბიო „ღადაობაში“ იქნებიან კაი ხანი ჩარჩენილები. მათ მეტი სერიოზული მსჯელობისთვის პოზიცია და არგუმენტი არ აქვთ. საზოგადოება ნორმალურად აფასებს იმას, როცა ადამიანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება და ეს უზრუნველყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.