ირაკლი ქადაგიშვილი - იმედია, ანალენა ბერბოკის ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ობიექტურ დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული
იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა ვიზიტები ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იყოს ობიექტურ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ობიექტური შეფასების საფუძველზე მოხდეს.
„ორივე მხარე როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ერთმანეთისგან სამართლიან და გარანტირებულ თამაშის წესებს ვითხოვთ. არ მგონია, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის გზაზე რაიმე გადაულახავი ბარიერი არსებობდეს. საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს, დამოკიდებულება არ იყოს აღქმის დონეზე, ობიექტური შეფასების საფუძველზე მოხდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს თავის დროზე ირიბად ევროკავშირმა აღიარა, როცა ორ ქვეყანას სტატუსი მისცა და საქართველოს – არა. იმედი გვაქვს, რომ ეს და სხვა ვიზიტები ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იყოს ობიექტურ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.