ირაკლი ქადაგიშვილი - გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი
მესმის, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გასაგებია, მაგრამ გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რომ მანდატი, რაც მას აქვს, შეასრულოს და ნუ იქნება პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ხდებოდეს.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა სამუშაო ჯგუფში ფართოდ არიან წარმოდგენილი.
„სხვადასხვა დროს, როდესაც ISFED რევოლუციური პოლიტიკური ქმედებების წახალისებას უწყობდა ხელს და ამაში უშუალო მონაწილეობას იღებდა, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის არეალი. თუ ის თავის საქმიანობის არეალს დაუბრუნდება და იტყვის, რომ ემიჯნება პოლიტიკურ პროცესს და აქ წარმოდგენილია როგორც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია, იმ პროცესებში რაც ეხება 12 რეკომენდაციის შესრულებას, რა თქმა უნდა, მასზე რაიმე პერსონალური და განსაკუთრებული ძალისხმევის მიტანა არ გვაინტერესებს. ვამბობთ, რომ იყავი სამართლიანი, შენი საქმის ერთგული და ნუ იქნები პოლიტიკაში რევოლუციური სცენარების გამტარებელი. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეგვიზღუდავს და არც ვაპირებთ. ამ ორგანიზაციას აქვს თავისი მიდგომა შესაცვლელი. მან უნდა აირჩიოს, ან არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ან არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ან არის პოლიტიკური პროცესების წარმართვაში ჩართული, ან მოქმედებს ისე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. მის წინაშე ჩვენ რაიმე სხვა დამოკიდებულება არ გვაქვს. მესმის, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გასაგებია, მაგრამ გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რომ მანდატი, რაც მას აქვს, შეასრულოს და ნუ იქნება პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა 25 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნები“ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „შეიძლება, ეს უკვე ISFED-სა და ჯგუფის ხელმძღვანელს შორის რაღაც ურთიერთობა იყოს“.
„ჩვენ ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს ჩართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გვინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა პოლიტიკური პროცესების მაპროვოცირებელი. რასაც ISFED აკეთებს, ეს არის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პროცესების პროვოცირება.
ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციურ ნარატივს ხელს უწყობენ, მათ თავიანთი პოზიცია უნდა გამიჯნონ ამ არასწორი დამოკიდებულებისგან. ჩვენ არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება. არავის განცხადება არ გაუკეთებია, ერთი მოწოდების გარდა. ევროკავშირის დელეგაცია იყო ჩამოსული, ერთხელ თქვეს ჩაერთეთო და ამის შემდეგ ისინი ამ საბოტაჟის პოლიტიკას აგრძელებენ. ჩვენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივყვებით. გვინდა, ყველას მხრიდან იყოს ამ პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, „ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა“.
ამასთან, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას და პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“.