ირაკლი ქადაგიშვილი - „გორბის“ კვლევებზე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ცდომილება თვალში საცემი იყო, კვლევები სარწმუნოა და ასახავს ოპოზიციის მდგომარეობას
„გორბის“ კვლევებზე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ცდომილება იყო თვალში საცემი, კვლევები სარწმუნოა და ასახავს, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.
ქადაგიშვილის თქმით, სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია, რომ ქვეყანამ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
„კვლევებთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ როდესაც კვლევებს ვაფასებთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული შედეგები რამდენად რეალურად იქნა ასახული არჩევნებში. თუ ვინმეს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს დაემთხვა მეტ-ნაკლებად სიზუსტით, ეს სწორედ „გორბის“ კვლევები გახლავთ. აქედან გამომდინარე, არ ყოფილა „გორბის“ კვლევებზე არცერთი შემთხვევა, როცა აცდენა ყოფილიყოს თვალში საცემი და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკური შეცდომის დონეზე არის ხოლმე განსხვავება კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის.
მიმაჩნია, რომ ეს კვლევები სარწმუნოა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ასახავს იმ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის ოპოზიცია. ასევე ასახავს ქართველი ხალხის განწყობა-დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ყველა სხვა კვლევაც აჩვენებს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია, რომ ქვეყანამ შეძლო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.