ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს არანაირი იდეოლოგიური ხედვა არ გააჩნიათ, მათ ხედვაა, ქვეყნის ინტერესები დააზიანონ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს არანაირი იდეოლოგიური ხედვა არ გააჩნიათ. ამის შესახებ ქადაგიშვილმა ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის შესაძლო გაერთიანების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მათი ერთადერთი იდეოლოგიური ხედვაა, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანონ და ამ შემთხვევაში, მათი გაგებით, ხალხის უკმაყოფილება მიმართული იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ და ამით ხელისუფლებაში მოსვლას მოახერხებენ.
„ეს არის მათი იდეოლოგია, სხვა არანაირი იდეოლოგია და ხედვა არ აქვთ, რაც ქვეყნის ინტერესებთან არის დაკავშირებული. მათი არც გაერთიანებით და არც გაუერთიანობით საქართველოს სიკეთე არ ექნება. მთელი უბედურება ის არის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ფასად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლების, მათ შორის არაკონსტიტუციური გზებით შეცვლა. ვიდრე ეს იქნება მთავარი გამაერთიანებელი მიზანი, რა თქმა უნდა, იქ ნდობა არ იარსებებს. ყველა ფიქრობს, რომ ამ პროცესში ერთმანეთის „გადაგდებაზე“ იქნებიან ორიენტირებული. ოპოზიციაში ბევრი ასეთი ფაქტის მომსწრე ვართ. ვინც დროზე მიხვდება, რომ თავი დაანებონ ამ პოლიტიკურ გზაზე სიარულს და იმუშავებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის და ამ პოლიტიკური ძალების პერსპექტივისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.