ირაკლი ქადაგიშვილი - გაშმაგებით გვებრძვიან, არ ასვენებთ პოლიტიკური შურისძიება, რადგან საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და თავის არჩევანზე მყარად დგას
პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, რასაც თავდაცვა წარმოადგენს, პირდაპირ დაარტყან, ოღონდ კი რეალიზებული იყოს თავიანთი მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს და წლების განმავლობაში დასავლეთიდან ძირითადი დახმარება ენჯეოსექტორზეა მიმართული.
„ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით შევიძინეთ. აქედან გამომდინარე, ოთხ წელზე გაწერილი 27-30 მილიონი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის. ეს არის თვითდამაზიანებელი განცხადებები. ამით თავდაცვისუნარიანობა კი არ ზიანდება, არამედ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას პირდაპირ დაარტყან, მასზე იერიში მიიტანონ, ოღონდ კი რეალიზებული იყოს თავიანთი პოლიტიკური მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ იყოს რეანიმირებული და რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ. მათი ხელისუფლებაში მოყვანის შემთხვევაში საქართველოს რა ბედი ეწევა, ეს უკვე ქართველმა ხალხმა განსაჯოს. როგორც ჩანს, ამ ხალხს საქართველოს მიმართ სულ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვს, რადგან არაფერში გვჭირდება ისეთი პროგრესი და წინსვლა, რასაც უკრაინისა და მოლდოვის სახით გვიყენებენ. თავდაცვა ყველაზე რეიტინგული ინსტიტუციაა და უნდათ, ბზარი შეიტანონ. რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს. წლების მანძილზე რეალურ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან არ ვიღებთ, თუ რამეა, მცირე გრანტი და კრედიტია, რაც ნებისმიერი საერთაშორისო ბანკიდან შეგიძლია აიღო. ძირითადი დახმარებაა ენჯეოსექტორის, რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. უკვე ეჭვი მეპარება, უხარიათ თუ არა, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება და დამოუკიდებლად შეგვიძლია თავდაცვის დაფინანსებაც და სხვაც. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან. დღე არ გავა, არ დაიდოს კვლევა, სადაც ჩანს, რომ საქართველო რიგი მიმართულებებით ლიდერი სახელმწიფოა. პოლიტიკური შურისძიება არ ასვენებთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, თავის არჩევანზე მყარად დგას. როცა ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ და საქართველომ უარი განაცხადა, ამაზეა შურისძიება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის“. ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა: „ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად“.