ირაკლი ქადაგიშვილი - გაცილებით კარგი იქნება მეტი დასაბუთება, თუნდაც დახურულ რეჟიმში პარტნიორი პარტნიორს კონკრეტულ ინფორმაციას თუ მიაწვდის, რაში მდგომარეობს კორუფცია ოთხ პიროვნებასთან დაკავშირებით
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცახდებით, აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა, რასაც მეტი სიცხადე სჭირდება.
როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, კარგი იქნება, თუ დახურულ ფორმატში პარტნიორი პარტნიორს დაელაპარაკება და კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის.
„ვფიქრობ, ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება, მეტი სინათლე თუ შემოვა, რადგან ამან კითხვა გააჩინა, მეტი უნდობლობა შემოიტანა საზოგადოებაში, ვიდრე მათ შორის, პოლარიზაციის შემცირებას შეუწყო ხელი. ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამას პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევის შანსად იყენებს. ერთ-ერთ არხზე ვუსმენდი აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ უამრავი კარგი რეფორმა გაკეთდა, შეერთებული შტატებიც იყო თანამონაწილე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად; უამრავი კარგი მოსამართლეა, რომელიც შრომობს, კეთილსინდისიერია და ასე შემდეგ. მსოფლიო სტატისტიკაც, ყველა ობიექტური შეფასება გვიჩვენებს, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლება თვისობრივად სხვანაირია, სულ სხვა განზომილებაშია გადასული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო. ეს სტატისტიკა თქვენს არხზეც და ყველგან უკვე ბევრჯერ განმეორდა, ამიტომ ციფრებით თავს აღარ შეგაწყენთ. რეალურად, მართლაც სხვა რეალობაში არის დღეს სასამართლო სისტემა და თვითონ ინსტიტუციურად სულ სხვანაირად არის მოწყობილი. მთავრობას არანაირი შეხება აღარ აქვს სასამართლო სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ დროს ხდება ოთხი ადამიანის სანქცირება. აქედან ერთი წარსულში, ექვსი წლის წინ იყო მოსამართლე და გვეუბნებიან, რომ ამ კარგი სტატისტიკის ფონზე, ამ თვისობრივად გაუმჯობესებულ ვითარებაში კონკრეტულად ოთხი ადამიანი არის დამნაშავე კორუფციულ გარიგებაში. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ კონკრეტიკაზე მიდგა უკვე საქმე, მოთხოვნა, რაც მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და, ზოგადად, საზოგადოების, კონკრეტულად ამ ოთხი ადამიანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან არის, რომ იყოს მეტი კონკრეტიკა. ანუ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს კორუფციული „ქეისები“, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით არის. ვფიქრობ, ალბათ ამის გასაჯაროება და ამაზე ნათელის მოფენა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
არც ერთი და არც მეორე მხარის ბრალეულობაზე ნუ ვისაუბრებთ. ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე, რაც თითქოს ყველასთვის ამოსავალი წერტილია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ვაწყდებით, რომ გამჭვირვალობა რატომღაც მარტო ცალ მხარეს უნდა იყოს. მეტი კონკრეტიკა, დასაბუთება, არგუმენტი თუ იქნება, გნებავთ დახურულ რეჟიმში, პარტნიორი პარტნიორს უფრო კონკრეტულ ინფორმაციას თუ მაინც მიაწვდის, რაში მდგომარეობს კორუფცია ამ ოთხ პიროვნებასთან დაკავშირებით, ალბათ ეს იქნება გაცილებით კარგი სიმართლისათვის და ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.