ირაკლი ქადაგიშვილი - ფსევდომიდგომებს გონივრული პასუხი უნდა გავცეთ, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს ყველას უფლება
ფსევდომიდგომებს გონივრული პასუხი უნდა გავცეთ, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული. ხაზგასმითაც აღვნიშნავთ ხოლმე, რომ ჩვენი მონაპოვარია, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებიც იყოს დაცული, აღარ განმეორდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ეს შანტაჟისა და ადამიანებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებოდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით დისკუსიის მომსწრეები ვხდებით, როცა კაცობრიობისთვის ტრადიციული ცხოვრებისა და ურთიერთობის წესთან დაკავშირებით უხეშად შემოაქვთ ცვლილებები. მაგალითად, დიდი დისკუსია იყო და ჩვენ მოგვიწია საქართველოს კონსტიტუციაში იმ ჩვეულებრივი, თითქოსდა ერთი შეხედვით, ადამიანური ჭეშმარიტების ჩაწერა, რომ ქორწინება გახლავთ მამაკაცისა და ქალის ერთობა ოჯახის შექმნის მიზნით. ამავდროულად, გრძელდება მცდელობები, შემოტანილი იყოს ახალი სქესის განსაზღვრება და ბავშვებში სქესის არჩევის წესი დამკვიდრდეს. არის ისეთი მიმდინარეობები, რაც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს მომხდარა და ბოლო ათწლეულის ტრენდი გახლავთ. აქედან გამომდინარე, ასეთ ფსევდომიდგომას გონივრული პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის. არავინ უნდა განიხილოს, რომ ვიღაცას კულტურული, სახელოვნებო ან გამოხატვის სხვა კუთხით ემუქრება შეზღუდვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხომ არ წაახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, ქადაგიშვილმა აღნიშნა:
„ჩვენი მიზანია, საქართველოში აღკვეთილი, პრევენცირებული იყოს ძალადობრივი ქმედება გამოხატვის თასუფლებასთან თუ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ აღნიშნული ინიციატივის ამ საკითხთან დაკავშირება მიუღებელია. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი გარემო, როდესაც ძალადობის წარმოქმნის საფუძველიც არ არსებობდეს. ძალადობას საფუძველი არ უნდა შევუქმნათ, ძალადობის პროვოცირება არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.