ირაკლი ქადაგიშვილი - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების დაზღვევა მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების დაზღვევა მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
„Საგანგაშო ტენდენციაა, რაც მთელ მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება, როცა საუბარია არა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ იმაზე, რომ ამ წესის გავრცელება და შეტანა მოხდეს სასწავლო დაწესებულებებში.
ასევე ტენდენციაა პროპაგანდის, ბავშვებს შესთავაზონ, რომ მათ დაიწყონ ფიქრი, რა არის გენდერი და შემდეგ ამის გარშემო დასკვნები აკეთონ. ეს ყველაფერი საგანგაშოა და მსოფლიოში ქვეყანა არ რჩება, სადაც მწვავე დისკუსია არ არის. რომის პაპის განცხადებაც ვნახეთ. ამ საკითხის დაზღვევა მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიციას ეშინია, რომ უცხოეთი თითს დაუქნევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.