ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპაში გვარამიას გარეთ ყოფნას ვინმე რეკომენდაციის შესრულებად თუ ჩათვლის, შევახსენებთ, რომ ამ ადამიანმა მედია ხელში უკანონოდ ჩაიგდო და გაძარცვა
არ შეიძლება, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც კლასიკური შეწყალების აქტი, რადგან გვარამიას საკმაოდ მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, როცა მან მედია შვიდი მილიონით გაძარცვა და სასჯელს ამის გამო იხდიდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, შეწყალება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გვარამიას დანაშაულები ანულირებულია.
„აქედან გამომდინარე, მისი შეწყალება იმას ნიშნავს, რომ მისი მძიმე დანაშაული პრეზიდენტის მიერ ანულირებულია. პიროვნული ფაქტორიც არის, თუმცა კარგია, რომ გვარამია პრეზიდენტის მიმართ ბოდიშს იხდიდა იმ გაუგონარი სიტყვებისა და ბრალდებებისთვის, რასაც თავის დროზე უყენებდა. იმედია, მიხვდება, რომ დანარჩენი საქმიანობისთვისაც ექნება ბოდიში მოსახდელი საზოგადოებისთვის, თუ უნდა, რომ საზოგადოებრივ თუ მედია საქმიანობას დაუბრუნდეს. ვერ ვხედავ, რომ გვარამიას გარეთ ყოფნით პოლიტიკურ ველს რაიმე დიდი გაუარესება ან დიდი გაუმჯობესება მოჰყვეს. ევროპაში ვინმე თუ ჩათვლის, რომ გვარამიას გარეთ ყოფნა ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულებაა, ჩათვალოს, თუმცა მათ შევახსენებთ იმას, რომ შესრულებულად თვლიან იმას, რომ ამ ადამიანმა მედია ხელში უკანონოდ ჩაიგდო და თან გაძარცვა.
ოპოზიციაში დიდი ორომტრიალია, „ნაცმოძრაობა“ მორიგი გახლეჩის პირასაა, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ვერ ყალიბდება და ამ მინდორზე გვარამიას შესვლა კიდევ ერთი გაურკვევლობისა და დაპირისპირების შემომტანი იქნება. პოლიტიკაში მისი მობრუნება პრობლემური იქნება არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ დაპირისპირებას გაზრდის რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.