ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტში 700-ზე მეტი წევრია და სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით განცხადების გაკეთების მსურველთა დეფიციტი არასდროს არ არის
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტში 700-ზე მეტი წევრია და სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით განცხადების გაკეთების მსურველთა დეფიციტი არასდროს არ არის

ევროპარლამენტარებს ან სააკაშვილის ადვოკატებს თუ სურთ, მისი საქმე ევროსასამართლოში იყოს განხილული, ევროსასამართლოს უნდა მიმართონ და იქედან შესაბამისი დასკვნა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიდგომა, რომ სამართალი არ უნდა აღსრულდეს, ვიდრე ევროსასამართლოში რაიმე სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტა არ მოხდება, პოლიტიკური შინაარსის განცხადებაა.

„ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით გაკეთებული განცხადება, რომლის უკან არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ დგას. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის სასამართლო სისტემა და ეს ადამიანი ამ სასამართლო სისტემის მიერ არის მსჯავრდებულად ცნობილი. თუ ევროპარლამენტარებს ან სააკაშვილის ადვოკატებს სურთ, რომ მისი საქმე ევროსასამართლოში იყოს განხილული, ევროსასამართლოს უნდა მიმართონ და იქედან შესაბამისი დასკვნა უნდა მიიღონ. მიდგომა, რომ სამართალი არ უნდა აღსრულდეს, ვიდრე ევროსასამართლოში რაიმე სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტა არ მოხდება, სამართლებრივი თვალსაზრისით რელევანტური არ არის. ეს არის პოლიტიკური შინაარსის განცხადება დაინტერესებული პოლიტიკური პირების მხრიდან.

ევროპარლამენტში 700-ზე მეტი წევრია და სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით რაღაც განცხადების გაკეთების მსურველთა დეფიციტი არასდროს არ არის. ყველას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ყველა ფიქრობს, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში, მის პოლიტიკურ დღის წესრიგზე განცხადებები გააკეთოს. თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვინმეს საგნობრივ-სამართლებრივი შენიშვნა აქვს, ამ შენიშვნის განხილვა მოხდეს. ზოგადი განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი გმირია, მისი დაკავება და მსჯავრის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ეს პოლიტიკური და იდეოლოგიური შეტევაა, რომლის უკანაც არანაირი მყარი სამართლებრივი საფუძველი არ დგას. თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა პოლიტიკური განცხადებების გარდა, სამართალს ეფუძნებოდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ სამართლებრივ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.