ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის ჩართულობიდან გამომდინარე, დიალოგს და პოლიტიკურ მოლაპარაკებას შეუქცევადი ხასიათი აქვს
შეუქცევადი ხასიათი აქვს, ევროკავშირის ჩართულობიდან გამომდინარე, დიალოგსა და პოლიტიკურ მოლაპარაკებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის წარმომადგენელი, ალბათ, ხვალიდან დაიწყებს კონკრეტული ფორმატის დიალოგს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მოლაპარაკებების მიმართ მმართველი გუნდი ოპტიმიზმით არის განწყობილი.
„ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის გამართვის მზადყოფნა დააფიქსირა. ამ დიალოგთან დაკავშირებულ მთელ რიგ თემებზე უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები და ინიციატივები, მათ შორის პარლამენტში ინიცირებული, გაგვაჩნია. ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. ამ სიმყარეში ვგულისხმობ აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლრბიც დიალოგის წარმატებით დამთავრებას ეფუძნება. ჩვენ მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ დიალოგი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ არ შემდგარიყო, შედგება და შედეგიც იქნება. უნდა მივცეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მათი წინადადებები სწორედ იქ განიხილებოდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგით დატვირთული, რადგან საქართველოს გააჩნია აქტიური დღის წესრიგი ევროკავშირთან ურთიერთობისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.