ირაკლი ქადაგიშვილი - ელექტრონული სისტემა სპეკულაციების სივრცეს მოხსნის, ასეთმა სისტემამ პოლიტიკური კლასი და ამომრჩეველი უნდა მიაჩვიოს, რომ არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ
მოქმედ საარჩევნო კოდექსს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს, მაგრამ იმისთვის, რომ სპეკულაციების ადგილი აღარ დარჩეს, სწორედ ამას ემსახურება ელექტრონული სისტემის შემოტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს სისტემა სპეკულაციების სივრცეს მოხსნის და შედეგები მყისიერად იქნება ცნობილი.
„ელექტრონული სისტემა ნიშნავს იმას, რომ იარსებებს მატერიალური დოკუმენტი, შემოხაზული ბიულეტენი, ანუ აქაც აღარ იქნება სპეკულაციის სივრცე, რომ კომპიუტერში ვიღაცამ რაღაც გააყალბა. ეს სისტემა სპეკულაციების სივრცეს მოხსნის, შედეგები მყისიერად იქნება ცნობილი. პარალელური დათვლის პროცესი აღარ იქნება, რაც ვნახეთ, რომ რევოლუციური სცენარის განვითარების საბაბად იყო გამოყენებული. ასეთმა სისტემამ პოლიტიკური კლასი და ამომრჩეველი უნდა მიაჩვიოს, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ტარდება გამჭვირვალედ და თითოეული ხმა ითვლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე.