ირაკლი ქადაგიშვილი - ელენე ხოშტარია, როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა მოსული, არაფერი გაუკეთებია, მანდატი მხოლოდ შიმშილობის დასაწყებად გამოიყენა, ვუსურვებ ჯანმრთელობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას უკვე ერთი წელია, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა მხოლოდ იმაში, რომ შიმშილობა დაიწყოს.
ქადაგიშვილის თქმით, ეს არის დეპუტატის მხრიდან პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებული ფორმით გამოყენება.
„უპრეცედენტო მოცემულობაა, რადგან დეპუტატის მანდატი აქვს უკვე ერთი წლის განმავლობაში და ერთი დღე არ ყოფილა პარლამენტში, ერთ საკომიტეტო სხდომას ან ერთ სესიას არ დასწრებია, არც ერთი კანონპროექტის, არც ერთი საკითხის განხილვაზე, რომელიც პარლამენტში ამ ხნის განმავლობაში იხილებოდა, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციული წესით არჩევნებს ეხებოდა და ბარიერის ქვემოთ დაწევას, არ ყოფილა ელემენტარულად.
ახლა მოვიდა და პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა მხოლოდ იმაში, რომ დაიწყოს შიმშილობა. ვუსურვებ ჯანმრთელობას. ეს არის პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებული ფორმით გამოყენება, რადგან ის, როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა პარლამენტში მოსული და არაფერი გაუკეთებია.
რაც შეეხება ყურადღებას, მათ შორის ქალბატონ ელენე ხოშტარისთან მიმართებაში, სათანადო ყურადღება იქნება გამოჩენილი და მე, რა თქმა უნდა, როგორც პარლამენტარი და კომიტეტის თავმჯდომარე, ამ საკითხით დავინტერესდი და აპარატი მუდმივ კონტაქტში არის. ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ოფისში ახორციელებს შიმშილობის აქტს. პარლამენტის აპარატი მუდმივ კონტაქტში არის და თუ რამე დასჭირდება, შესაბამისი ყურადღება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ემიგრანტებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს საქართველოში არ ყოფნის ძალები მის მხარდასაჭერად.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, ქმედებები ფატალური აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან ბევრი მიმართულებით და ამ ხელწერას ახლაც არ იშლის.
„ანუ საქართველოში არ ყოფნის ძალები მის მხარდასაჭერად და ახლა ემიგრანტებმა უნდა დაუჭირონ მხარი? მე საერთოდ მგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს, მისი ქმედებები ფატალური აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან ბევრი მიმართულებით და ამ ხელწერას სამწუხაროდ, ახლაც არ იშლის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, სააკაშვილის შიმშილობაც, მისი მომხრეების აქტები ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად.
„სააკაშვილის შიმშილობაც, მისი მომხრეების აქტებიც იმიტომ არის, რომ სიტუაცია დაიძაბოს. ახლა რა გავაკეთოთ, არ შეიძლება, ქვეყნის და საზოგადოების დღის წესრიგი მათ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე იყოს მიბმული. ამ ფორმებს მიმართავენ, რათა თავიანთი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი გახადონ არა მილევადი, არამედ რაღაცით აცოცხლონ. ჩვენ პოლიტიკურად ამას ვაძლევთ იმ შეფასებას, რასაც ვაძლევთ, და ჰუმანიტარულ დონეზე სახელმწიფო იმ ვალდებულებებს ასრულებს, რა ვალდებულებებიც კანონით აქვს მინიჭებული. მათ შორის მოშიმშილე ადამიანის მიმართ ციხის შიგნით და ციხის გარეთაც“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, როდესაც პირის ქმედების მიზანია კონსტიტუციური წესრიგის დაზიანება, დამხობა და პარალელურად ითხოვ შეწყალებას, ეს არის ორი აცდენილი მოთხოვნა.
„მსჯავრდებულია, გამოაცხადა შიმშილობა, შიმშილობს, ეს მისი ნებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ დეპუტატების მიერ მისი მონახულება, ოჯახის წევრების, ადვოკატების ექიმების მხრიდან ფაქტობრივად შეუზღუდავი არის და სახელმწიფო იჩენს განსაკუთრებულ მიდგომას, დამოკიდებულებას.
მიხეილ სააკაშვილის არალეგალურად შემოპარვა ემსახურებოდა იმას, რა გეგმაც ჰქონდა, რაც მოვისმინეთ. ეს გეგმა არ გამოუვიდათ და უნდათ, ამ კუთხით არეულობა გამოიწვიონ. როდესაც შენი ქმედების მიზანი არის კონსტიტუციური წესრიგის დაზიანება, დამხობა და ამ დროს პარალელურად ითხოვ შეწყალებას, ორი აცდენილი მოთხოვნაა. ხან ამბობ, შემიწყალე, მაგრამ შემიწყალე იმიტომ, რომ მე დანაშაულს არ ვაღიარებ და შემიწყალე იმიტომ, რომ შემდეგ მოვაწყო რევოლუციური ქმედებები. მაგალითად, ევროპელი ამას ვერ იგებს ხოლმე, ჩვენ ქართველები კი ყველაფერს ვიგებთ, იმიტომაც არის დასავლეთის დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ასეთი. მათი ბერკეტი და რესურსი რევოლუციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამიტომ, მე მაინც მოწოდებული ვარ, რომ ვიფიქროთ, რა რეალური პრობლემები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“ – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.