ირაკლი ქადაგიშვილი - ძალადობა მიუღებელია, გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ ყველა მხარე თუ საერთო თამაშის წესებსა და გარკვეულ ჩარჩოებს არ შეინარჩუნებს, ერთი ძალადობა მეორეს შობს
ირაკლი ქადაგიშვილი - ძალადობა მიუღებელია, გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ ყველა მხარე თუ საერთო თამაშის წესებსა და გარკვეულ ჩარჩოებს არ შეინარჩუნებს, ერთი ძალადობა მეორეს შობს

გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ თუ ყველა მხარე საერთო თამაშის წესებს არ შეიმუშავებს და საკუთარ თავს გამოხატვის გარკვეულ ჩარჩოებს და შიდა ცენზურას არ დაუწესებს, ერთი ძალადობა მეორე ძალადობას შობს, ერთი შეტევა – მეორე შეტევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მას კვერცხები ესროლეს.

„ხელისუფლება ასეთი ინციდენტების არავითარ ორგანიზებას არ აწარმოებს. ყველა ვამბობთ, რომ ძალადობა მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ თუ ყველა მხარე საერთო თამაშის წესებს არ შეიმუშავებს და საკუთარ თავს გამოხატვის გარკვეულ ჩარჩოებს და შიდა ცენზურას არ დაუწესებს, ერთი ძალადობა მეორე ძალადობას შობს, ერთი შეტევა – მეორე შეტევას. ვიღაცამ კვერცხი ჩაიდო, „მოლოტივის კოქტეილიც“ ვიღაცამ ჩაიდო და ვინმემ „მოლოტივის კოქტეილის“ ჩამდები დააორგანიზა? ყოველგვარი რადიკალიზმი დასაგმობია. არ შეიძლება, ოპოზიციური ულტრარადიკალიზმი მისაღები იყოს, ხოლო მეორე, უკიდურესი მემარჯვენე რადიკალიზმი – მიუღებელი. ორივე მიუღებელია და საზოგადოებამ უარი ორივეზე უნდა თქვას. განსაკუთრებით კი, პოლიტიკურმა აქტორებმა. როცა ერთი მხარე აცხადებს, რომ რომელიღაც მეფე ან რომელიღაც დიდი ავტორიტეტის მატარებელი ადამიანი უპირობოდ მოღალატეა და ის ერმა მოღალატედ უნდა შერაცხოს, გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ შენც უპირობოდ მოღალატე ხარ. არ შეიძლება, ვიღაცას გამოხატვის ისეთ ფორმებზე ჰქონდეს ექსკლუზივი, რომელიც ნორმალური, თავისუფალი აზრის გამოხატვას ცდება და ფსიქოლიგიურ, მორალურ და, ბოლოს, ფიზიკურ ძალადობაშიც გადადის. ორივე გამოვლენა მიუღერებელი და დასაგმობია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.