ირაკლი ქადაგიშვილი - დოკუმენტის რევიზია არ გამოვა, ვიღაცას უნდა, გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს და უკან სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული
შეთანხმება სხვა გზას არ ითვალისწინებს. შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რაც ევროპამ და მათთან ერთად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოგვთავაზა. ეს არის გირაო, რომ სწრაფად გამოვიდეს პატიმრობიდან. შემდეგ უკვე ამნისტია, რათა სასამართლოში ამ საქმის წარმოება საერთოდ შეწყდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ამ შეთანხმების ერთგული დავრჩებით და გავაგრძელებთ შეთანხმებაზე სულისკვეთებით და კონკრეტული პუნქტების შესრულებით მუშაობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელია დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი გახდა.
„ნიკა მელია პოლიტიკური კუთხით მძიმე ვითარებაშია შესული. ის გახდა მძევალი იმ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც მისმა რეალურმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა და ამ პარტიამ შესთავაზა საზოგადოებას. დღეს სწორედ გამოსავლის მოძებნა უჭირს თვითონ ნიკა მელიას, თორემ მთლიანად საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, გამოსავალი ნანახია. პოლიტიკური ამნისტია ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს საკითხის გადაწყვეტა და დამთავრება. წმინდა სამართლებრივად რომ გავყვეთ, მაშინ სასამართლო პროცესებს უნდა დაველოდოთ. ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ მისი ციხის საკანი ავტომატურ რეჟიმში იღება. როცა პოლიტიკურ კონსენსუსზე ვსაუბრობთ, მთელ ამ მოვლენათა ჯაჭვზე ვლაპარაკობთ და არა კონკრეტულ ქმედებაზე. საუბარია მოვლენის დავიწყებაზე და პოლიტიკური ფურცლის გადაშლაზე. თუ ჩვენ ამ დოკუმენტის რევიზია დავიწყეთ, რადგან ვიღაც თავისი დესტრუქციული დღის წესრიგიდან ვერაფრით გამოდის და უნდა, რომ გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უკან კიდევ უნაგირზე სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული, ეს ყველაფერი ასე არ არის მოწყობილი. ამ დოკუმენტის რევიზია არაფრით არ გამოვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.