ირაკლი ქადაგიშვილი - დეზინფორმაცია ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი
დეზინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა, რაც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას. დეზინფორმაციის მიზანია, ტყუილის მასობრივად გავრცელების გზით საზოგადოებაში უნდობლობა, დაბნეულობა, ნიჰილიზმი და დაქსაქსულობა შეიტანოს, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გამოწვევას სხვადასხვა სახელმწიფომ სხვადასხვა დროს რეცეპტი და წამალი მოუძებნა.
„ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული ქცევის კულტურა და სტანდარტები, რომ დეზინფორმაციას დეზინფორმაცია დაერქვას და მისი გარჩევადობა იყოს ძალიან მაღალი. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი გვაქვს. თუ ეს არ გაკეთდება, დეზინფორმაციის ჭაობში ყველაფერი ჩაეფლობა და საბოლოოდ ადამიანები ვეღარ დაიჯერებენ იმას, რომ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას რაიმე ღირებულება და ფასეულობა აქვს. ეს არის ის, რაც სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიული არჩევანის თავისუფლებას კლავს და საზოგადოებას გარდაუვალი დაპირისპირებისთვის ამზადებს. კი არ უნდა ვიბრძოლოთ, იქნებ ცოტა განვითარდეთ, რათა დეზინფორმაცია ჩვენი დღის წესრიგი არ გახდეს. თუ ამ განვითარებაში საუკეთესო ევროპული გამოცდილება დაგვეხმარება, ევროპულ გამოცდილებას რუსულ გამოცდილებად არ შევაფასებთ და ევროპულ სტანდარტებს მივიღებთ, მაშინ ალბათ უფრო დალაგებულ და პროგრესულ საზოგადოებას მივიღებთ. თუ განვითარების ამ გზაზე სადმე კანონის მიღება იქნება საჭირო, უნდა მივიღოთ, რადგან კანონიერება თამაშის წესებს განსაზღვრავს. საუბარი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც მოვლენაზე კითხვები გაუჩნდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საუბარია იმაზე, როცა მიზანმიმართულად და გააზრებულად ხდება დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელება, როცა ორგანიზაცია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას არათუ უკან წაიღებს, არამედ ჯიუტად აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, ეს ამორალური საქციელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.