ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს.
ამასთან, მისივე შეფასებით, „მსგავსი ტიპის აქციები უფრო ემსახურება ვითარების დაძაბვას და რეალურად არ არის დაკავშირებული ადამიანების უფლებების დაცვასთან“.
ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით და კანონით დაცულია.
„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს. მეორე, რასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი ტიპის აქცია რა თქმა უნდა გამოიწვევდა ძალიან დიდ ვნებათაღელვას საზოგადოებაში. ზოგადად, მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქციები გარკვეულწილად უფრო ემსახურება სიტუაციის დაძაბვას და, მე თუ მკითხავთ, რეალურად არ არის დაკავშირებული არც იმ ადამიანების უფლებების დაცვასთან, ვისთვისაც თითქოს ეს ყველაფერი ტარდება. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით, კანონით დაცულია ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებაზე სპეციალური კანონია მიღებული, ამით მათი უფლებები არის დაცული. პირადად ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრია, დემონსტრირება იმისა, რომ მე ვარ ამა თუ იმ სექსუალური მიმდინარეობის ადამიანი, რომელიც იწვევს საზოგადოებაში ასეთ ვნებათაღელვას, არ უნდა იყოს პრიორიტეტული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.