ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, გარკვეული პოლიტიკური პარტიები მაინც შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას
დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები მაინც შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ელჩები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ სანდო და თანმიმდევრული პარტნიორია.
„კანონის თვალსაზრისით და სამართლის კუთხით პარლამენტი სრულად უფლებამოსილია ყველა საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს. ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი ხმები ამ არჩევნების განმავლობაში, ამომრჩევლის მიცემული ხმების რეალიზება მოახდინონ პარლამენტში. როგორ გაგრძელდება პროცესი ამას ძალიან ბევრი სხვადასხა სცენარი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა მაინც შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რამეთუ ჩვენ ასეთი პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტი არასდროს არ გვყოლია. პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში მისდევდა, რომ არჩევნები არის გაყალბებული, ფაქტობრივად უკვე ყველა საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება, რომ მომხდარიყო ფაქტობრივად ყველა უბნის გადათვლა, ვიდეოკამერების ნახვა და ასე შემდეგ, მათი მხრიდან ცალსახად იყო უგულებელყოფილი, რადგან საბოლოო ჯამში, მათაც იციან ეს არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არჩევნები იყო სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.