ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენთან ასეთი წესია, რაღაცაზე არგუმენტი თუ არ გაქვს, უნდა თქვა, რომ რუსულია, ჰგონიათ, ამით ყველა არგუმენტი მოტანილი აქვთ
მხარდაჭერა გამოხატულია ძირითადი პრინციპის გარშემო, რომელიც გულისხმობს, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს. ჯერჯერობით პარლამენტში კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა, ამიტომ წინასწარ პოზიციის დაფიქსირება პრეზიდენტის პირადი პოზიციაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, უმრავლესობა დაძლევაზე იმსჯელებს.
„ჩვენთან ასეთი წესია, რაღაცაზე რომ არგუმენტი არ გაქვს, უნდა თქვა, რომ რუსულია და ჰგონიათ, რომ ამით ყველა არგუმენტი მოტანილი აქვთ. კანონპროექტის განხილვა როდესაც დაიწყება, მაშინ იქნება შედარებული ეს კანონპროექტი ამერიკულთანაც და, თუ გნებავთ, რუსულთანაც და აღმოჩნდება, რომ ჩვენი კანონპროექტი, შეიძლება, ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტს. ამიტომ წინასწარი განცხადებები, რომ გამჭვირვალობა დამღუპველია, აქ უფრო მეტად საქმე პოლიტიკურ მიკერძოებასთან გვაქვს, ვიდრე რეალურად კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.