ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი მზადყოფნა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას, მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება
ჩვენი მზადყოფნა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას. მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდში თავიდანვე ხედავდნენ შეთანხმების შესაძლებლობას.
„არის კონკრეტული საკითხები, რომელიც თვეების განმავლობაში დღის წესრიგში დგას. ახალი რაც ნაკლებად იქნება, უკეთესია. ნუ დავამატებთ ახალ პრობლემებს. სჯობს, არსებულ საკითხებზე მოვილაპარაკოთ. ჩვენი გუნდი თავიდანვე ვხედავდით შეთანხმების შესაძლებლობას და ამ ბოლო მედიაციის დროსაც „ქართული ოცნება“ 95 პროცენტით, მათივე სიტყვებს გავიმეორებ, მზად იყო მედიატორის მიერ დასმულ საკითხებზე შესათანხმებლად. ჩვენი მზადყოფნა ამ გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას. მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, მათ შორის, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მედიატორის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე, საუბარია იმ პუნქტებზე, რომელიც ამ დოკუმენტში დაისვა. მოლაპარაკების დროს პირობებისა და მოთხოვნების მუდმივად შეცვლა მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმების მიღწევას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში პოლიტპატიმრები არ არიან ნახსენები.
„პოლიტპატიმრები არ გვყავს და არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, არსად ასეთი რამ არ არის ნახსენები. ციხის კარები ღიაა და პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩვენთან ადამიანი ციხეში არ მიდის. ის მდგომარეობა რომელშიც ნიკა მელია, არის მისი პოლიტიკური არჩევანი, რომელიც საჯაროდ თქვა და განაცხადა, რომ კანონი უნდა დავარღვიო, ხოლო თუ სახელმწიფოს შეუძლია კანონის დაცვა – აბა დაიცვას და დამაკავოსო. დღესაც მისი არჩევანია, რომ გარეთ გამოვიდეს. რაც შეეხება ამ სიტუაციის გადაჭრას, მაშინაც ვთქვით, რომ პოლიტიკური ამნისტია არის შესაძლებლობა, რომელიც მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა გამოვიყენოთ, რათა 20 ივნისთან დაკავშირებული წინააღმდეგობრივი ფურცლები გადაფურცლული და დახურული იყოს და აღარ იყოს ეს ხელისშემშლელი ფაქტორი კიდევ უფრო დიდი მიზნების მისაღწევად მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.