ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი მიზანია, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ფარგლებში იყოს მოქცეული და ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობასთან ერთად მოქმედებდეს
ჩვენი მიზანია, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ფარგლებში იყოს მოქცეული და ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობასთან ერთად მოქმედებდეს და არა ისეთი ქმედებებით, რაც ჩრდილს აყენებს ან საერთოდ ძირს უთხრის ამ ყველაფერს. როცა სტატუსი არ მოგვენიჭა, პრეზიდენტის მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ყველა პარამეტრით იმსახურებდა.
„გაურკვეველი, აუხსნელი, პოლიტიკურად ქვედა დინებები იყო, რის გამოც ქვეყანას სტატუსი არ მიენიჭა, რადგან ევროკომისიის ანგარიშმა გვაჩვენა, რომ საქართველო გაცილებით წინ არის რეფორმების თვალსაზრისით უკრაინასა და მოლდოვაზე. ახლაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტატუსისთვის მთავრობა არაფერს აკეთებს და მხოლოდ ფორმალურ ნაბიჯებს დგამს. ეს განცხადებები დამაზიანებელია იმ პროცესის, რაშიც პრეზიდენტს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია და ხელისუფლება კი კონკრეტული ვალდებულებებით და საზომებით მუშაობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტი ისევ აყოლილია იმ პოლიტიკურ ნარატივს, რომ სტატუსს ხალხი იმსახურებს და არა – ხელისუფლება.
„ჩვენ მივდივართ ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვით. ვიღაცას ჰგონია, რომ მეორე ფრონტი გამოგონებაა, მაგრამ ძალიან ცდება – თუ მოვლენათა განვითარებას დააკვირდებიან, დაინახავენ, რომ რაც საქართველომ თავი აარიდა რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას, მას შემდეგ წამოვიდა დიდი ზეწოლა საქართველოზე და წარმატებული რეფორმების გამტარებელი ქვეყანა აუხსნელი პოლიტიკური მიზნებით მოლდოვაზე უკან დააყენეს, რომელიც დსთ-ს წევრი ქვეყანაა დღესაც და მათი რეფორმები დაბალ განზომილებაშია. პრეზიდენტი ამ მცდარი ნარატივის გარშემო სიარულს აგრძელებს. იქნება თუ არა 100 ხმა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილება განსაზღვროს ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.