ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ ვართ უკრაინელ ხალხთან ერთად, ამავდროულად, როგორც პერმანენტული აგრესიისა და მძიმე ოკუპაციის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, ვცდილობთ, ეს აგრესია განვრცობითი და დამანგრეველი არ იყოს საქართველოსთვის
ნებისმიერ მომენტში რუსეთს ექნება და აქვს განზრახვა აგრესია განახორციელოს საქართველოზეც, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რაც იქნება სოლიდარული უკრაინელების მიმართ და ამავდროულად გათვლილი იმაზე, რომ აგრესია მაქსიმალურად ავიცილოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
„ჩვენ, ორი სახელმწიფო პერმანენტულად ვართ რუსული აგრესიის ქვეშ. დღეს ყველაზე მძიმედ ეს აგრესია განვითარებულია უკრაინაში, მაგრამ არანაკლები სიმძიმით, სხვადასხვა დროს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს აგრესია ხორციელდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, პარალელურად უკრაინაში მიმდინარე ამ აგრესიისა, ნებისმიერ მომენტში რუსეთს ექნება და აქვს განზრახვა აგრესია განახორციელოს საქართველოზეც. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რაც იქნება სოლიდარული უკრაინელების მიმართ დ ამავდროულად გათვლილი იმაზე, რომ აგრესია მაქსიმალურად ავიცილოთ. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ვიყოთ უკრაინელებისა და მსოფლიოს გვერდით. იმის გამო, რომ ვართ ოკუპაციის ქვეშ მყოფნი და რუსეთის მძიმე სამიზნე, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აგრესია არ განვახორცილებინოთ მას არავითარი საბაბის და მიზეზის გამო. ჩვენ ყველა ნაბიჯს ამ მიმართულებითაც ვზომავთ, რო, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყნა არ მოვაქციოთ ისევ მძიმე აგრესიის ქვეშ.
ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, მტერი ჩვენთან დგას დაახლოებით 30 კილომეტრში. გამომდინარე აქედან, ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა,არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც არის, რომ რუსეთს კიდევ აგრესიის საშუალება არ მივცეთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანნი, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულნი, ჩვენ ვართ უკრაინელ ხალხთან, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად და ამავდროულად, როგორც პერმანენტული აგრესიისა და მძიმე ოკუპაციის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, ბუნებრივია, ვცდილობთ, რომ ეს აგრესია განვრცობითი და დამანგრეველი არ იყოს საქართველოსთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.