ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ გვინდა ევროპეიზაცია და არა - კოლონიზაცია, რაც უნდა გვითხრან, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა რუსული პოლიტიკაა, სამშობლოზე უარს არ ვიტყვით
ჩვენ გვინდა ევროპეიზაცია და არა – კოლონიზაცია. რაც უნდა გვითხრან, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა რუსული პოლიტიკაა, ჩვენს სამშობლოზე უარს არ ვიტყვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიას გამოეხმაურა.
„გვეუბნებიან, რომ არ უნდა გქონდეთ უფლება ქვეყნის დაცვის და რაიმე კრიტიკის გამოთქმის. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ უფლების წართმევა ნიშნავს კოლონიზაციას. ჩვენ გვინდა ევროპეიზაცია და არა – კოლონიზაცია. რაც უნდა გვითხრან, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა რუსული პოლიტიკაა, ჩვენს სამშობლოზე უარს არ ვიტყვით.
ნათლად ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ მძლავრი ზეწოლა, რომ აგრესიის ფონზე რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებაში შევსულიყავით, რაც იმით დასრულდებოდა, რაზეც დღეს ამბობენ, რომ ასეთი თავში არავის გაუვლიაო. როცა გვთხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, დავუწესებდით და, ეკონომიკის ვარდნის გარდა, ერთ კვირაში ცხინვალის რეგიონი უკვე მთლიანად რუსეთის ფედერაციაში იქნებოდა შესული. რეფერენდუმსაც ჩაატარებდნენ და ცხინვალს ხუთ დღეში შეიერთებდნენ. გააგზავნეთ თვითმფრინავები და მოხალისეები უკრაინაშიო, რუსეთის მხრიდან ეს აღქმული იქნებოდა პირდაპირ სამხედრო პოზიციის გამოვლინებად. გვეუბნებოდნენ, ამ მთავრობას ნუ უსმენთ, აფხაზეთში გაისეირნეთ, ცხინვალში შედითო. ამას ამბობდნენ არა ვიღაცები, არამედ პრეზიდენტები, არასამთავრობოების წარმომადგენლები, ბომბები გვირჩევნია ამ სირცხვილსო. რატომ გგონიათ, რომ ეს არაფერია? როგორც კი ამ მორევში ჩაგვითრევდნენ, შემდეგ უკან მოტრიალების გზა არავის ექნებოდა. დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა, ამაზე აღარ ვისაუბრებ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.