ხვალინდელი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათისაა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები იქნებიან. ვთვლი, რომ საუბარი უფრო მეტად იქნება იმ საკითხებზე, იმ პირობების შესრულებაზე, რა პირობებიც იყო მაშინ, როდესაც საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას აფორმებდა, – ასე უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა მოლოდინები აქვს ბრიუსელში ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით და რამდენად ელოდება რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომ შესაძლოა, მომავალში უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხოს არა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს.
„ეს პირობები ეხება კონკრეტულად ვიზის, პასპორტის, მიგრაციული პროცესების მართვის, რეადმისიის, საზღვრის კონტროლის საკითხებს და შეიძლება ითქვას, ამ მხრივ საქართველო ნამდვილად ძალიან წარმატებულ პოლიტიკას ატარებს. ამიტომ რამე ისეთი განსაკუთრებული შენიშვნა საქართველოს მიმართ არ იქნება, თუმცა, შარშან შემოიღეს საქართველოსთან მიმართებით სწორედ ერთგვარი პოლიტიკური შეფასების კრიტერიუმი, რომელსაც კონკრეტული შკალა არ აქვს და ზოგადად არის საუბარი, რომ შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა. რა არის ახლა ეს დემოკრატიის მდგომარეობა და ვინ რას ჩათვლის დემოკრატიის უკუსვლად ან წინსვლად, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას ხვალ ვერავინ მიიღებს, ელემენტარულად, მათი კომპეტენცია ეს არ არის და ეს საკითხი ალბათ, საბოლოო ჯამში, ან წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში უფრო პოლიტიკური განსჯის საგანი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისია წერს, რომ საქართველოში შელახულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რაც ასე არ არის.
„წერენ, რომ საქართველოში შელახულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ერთი მითხარით, რომელი ფუნდამენტური უფლება არის საქართველოში შელახული? ფუნდამენტური უფლება, რასაც ადამიანის უფლებები ჰქვია, საქართველოში არ არის შელახული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ ანგარიშში მითითებულია 2024 წლის ბოლოს აქციებზე განვითარებული მოვლენები, დემონსტრანტების მიმართ მოპყრობა, იქ კონკრეტული ძალადობრივი შემთხვევები და ასე შემდეგ, რაზეც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის ფუნდამენტურ უფლებაზე ლაპარაკი, აქ არის კონკრეტული აქცია, რომელიც იყო ძალადობრივი აქცია და რომელიც აღკვეთეს კანონის თანახმად საპოლიციო ძალებმა.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არაფერს ისეთს არ აკეთებს, რაც ევროპის ქვეყნებში არ არის.
„რას მოგვიწოდებს ევროკავშირი ყველას და, მათ შორის, თავის შიგნით სწორედ ეს არის პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა, და როგორ დავძლიოთ? მოდით, დავძლიოთ იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ამას ევროპის ქვეყნებში აკეთებენ. ყველა ამ ქვეყანაში სწორედ პატიმრობა, ჯარიმები ან სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობებია, მათ შორის, „ფეისბუქში“ გამოთქმული სიძულვილის, შეურაცხმყოფელი, დამაბულინგებელი და ათასგვარი ცუდი რამის მიმართულებით. ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ ან იმაზე მეტს, რაც ევროპის ქვეყნებში არ არის. ელემენტარულად, ის, რომ ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ანტიკონსტიტუციური, რევოლუციური თუ გადატრიალების სცენარის ჩაშლა და ესეც გაკეთდა კანონის ფარგლებში, თუ იყო ერთეული გადაცდომები პოლიციელის მხრიდან, ამაზე შესაბამისი სისხლის სამართლებრივი რეაგირება არის. ეს დემოკრატიის უკუსვლა კი არ არის, ეს არის დემოკრატიის დაცვა სწორედ გადატრიალებების, რევოლუციებისა და ამდაგვარი საქმიანობისგან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ პირობებში, როცა აშშ-ს შეჩერებული აქვს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და ახლა მიმდინარეობს ურთიერთობის ნორმალიზება, როგორ აისახება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესზე, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება აშშ-თან ურთიერთობას ხელს არ უშლის.
„მოდით, ცოტა რეალისტები ვიყოთ, რა უშლის ხელს აშშ-ს, ამ 35-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოსთან დიდი საინვესტიციო პოლიტიკა გაეტარებინათ? რა უშლის ხელს? რომელიმე ხელისუფლებამ უთხრა, რომ შენ ინვესტიციებს არ შემოგატანინებ საქართველოში ან შენთან კულტურულ, ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ, უსაფრთხოების სფეროში კავშირებს არ დავამყარებ?“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიოში ყველა ცდილობს, თავისი გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა კუთხის გავლენა გაავრცელოს, რაც ბუნებრივია და კომპრომისი არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ კომპრომისი არ შეიძლება, დადგეს ისეთი რამის ხარჯზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ან კონსტიტუციას, ან ფუნდამენტურ სუვერენულ უფლებებს და ამაზე კომპრომისი არ დგება.
მისივე თქმით, აშშ-თან გადატვირთვის პროცესში პროგრესია.
„ახლა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რაც ძალიან მაღალი პოზიციაა, განაცხადა, რომ დღეს გვაქვს ჩვენ ბრწყინვალე საშუალება საქართველოსთან ამ სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისო. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოთმინებით და თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი პოზიციების დაცვას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს გაიმართება.
