ირაკლი ქადაგიშვილი - ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ
შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, – ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურს და მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.
„Იმ დანაშაულების შემდეგ, რომლებიც „Ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა, მათ შორის 2008 წლის ომის პროვოცირებით და ქვეყნისთვის ამხელა უბედურების თავდატეხით, მათთვის და მათი პატრონებისთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მართლაც რეალური სამშვიდობო შერიგების პოლიტიკა აწარმოოს აფხაზებსა და ოსებთან, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს თავის თავში შერიგებას, ურთიერთმიტევებას მოიცავს და ძლიერის მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა. ამან ოპოზიცია შეძრა, ვაითუ, მართლა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ახალი პოლიტიკის დამკვიდრებაო. როგორც ლაჩარს სჩვევია, ვინც ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვა, გმირების ხსოვნას ამოეფარნენ ზურგს უკან. ეს არის მათი სამარცხვინო ქმედების შინაარსი. მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ. მათი ინტერესია მხოლოდ დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.