ირაკლი ქადაგიშვილი - აუხსნელია, ოპოზიციური პარტიები რატომ ამბობენ უარს ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - აუხსნელია, ოპოზიციური პარტიები რატომ ამბობენ უარს ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერის შემცირების მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან უარის თქმა პოლიტიკურად აუხსნელია და ახირებას ჰგავს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, „დამღლელია პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი წუწუნი და იმის ვერ გაგება, თუ რა არის მთავარი“.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევა საშუალო და მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შანსს აძლევს.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული და საარჩევნო ბარიერის შემცირება გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს პარტიებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში შესაძლო კოალიციები შეიქმნან. საარჩევნო ბარიერის დაწევა პოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებაა, რაც მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებას განაპირობებს. აუხსნელია, რატომ ამბობენ უარს პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა. ცოტა დამღლელია პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი წუწუნი და იმის ვერ გაგება, თუ რა არის მთავარი. რა უნდათ, თვითონაც არ იციან – ხან ერთ საქმეს მიადგებიან, ხან მეორე პრეტენზიას, ხან მესამეს. თუ საუბარია სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმაზე, ყველაფერი ზედაპირზე დევს. თუ მხოლოდ პრეტენზიების გამოთქმა უნდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, არც ერთი პრეტენზია არ განუხორციელებიათ და პირიქით, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის სისტემის გასამყარებლად. გასარკვევია, რა არის მათი მიზანი, რადგან ჩვენი მიზანი ზედაპირზე დევს – დემოკრატიულ რეფორმებს ვახორციელებთ და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის განსაზღვრულ დღის წესრიგს მივყვებით“,  – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომლის გათვალისწინებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. ასევე, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხს შეეძლება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება. პარლამენტში ამ დროისთვის 96 დეპუტატია, დანარჩენი პარტიები პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.