ირაკლი ქადაგიშვილი - არიან პოლიტიკური წრეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, ჩვენთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს
არიან პოლიტიკური წრეები, რომლებსც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ჟიგიმანტას პავილიონისის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ის ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს აღარ იკავებს.
„რა მნიშვნელობა აქვს, ჟიგიმანტას პავილიონისი თანამდებობაზე იქნება თუ არა? არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი ქმედებები შენიღბონ, მაგრამ შინაარსობრივად ეს პირდაპირ პოლიტიკური ინტერესის მატარებელია. მათ საქართველოში გარკვეული ძალების მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. აქედან გამომდინარე, თავს საქართველოს პოლიტიკურ, შიდა თუ საგარეო საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევენ. ჟიგიმანტას პავილიონისი სადაც არ უნდა იყოს, მის ნაცვლად სხვა მოიძებნება. საქართველოსთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს და არა – 21-ე საუკუნის ნეოკოლონიალიზმის ახალი ნიმუშები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.