ირაკლი ქადაგიშვილი - არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობას“, პოპულისტური განცხადებებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ მევენახეებში
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.
„ხან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ გულის მოგება უნდათ და დღეს ეს იდეა წამოაყენეს. არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს და მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას პროპაგანდა გაუწიოს, მხარი დაუჭიროს და პერიოდულად ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.