ირაკლი ქადაგიშვილი - არასამთავრობოების საქმიანობა ყველგან გამჭვირვალეა, მხოლოდ ჩვენთან არ არის, ელემენტარული გამჭვირვალობა არ უნდათ, არგუმენტის გარეშე ამბობენ, ეს ევროპის იდეას ეწინააღმდეგება
არასამთავრობოების საქმიანობა ყველგან გამჭვირვალეა, მხოლოდ ჩვენთან არ არის, ელემენტარული გამჭვირვალობა არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ არგუმენტები არ აქვთ და ბრმად საუბრობენ, რომ ის ევროპის იდეას ეწინააღმდეგება.
„კანონში აგენტი საერთოდ არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ გამჭვირვალობა არ იყოს, მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერზე ილაპარაკონ, ღიაობის გარდა. ამაზე საუბარი არ სურთ. თითიდან გამოწოვილი პრობლემა შეუძლიათ, გიგანტურ სტიქიად გახადონ, მაგრამ სიტყვას არ ძრავენ იმაზე, რატომ არის გამჭვირვალობა ყველაზე დამღუპველი რამ ევროპისთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა ქვეყანა არ არის და მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რჩეული კასტა იყვნენ, დანარჩენმა საზოგადოებამ კი იმდენი უნდა იცოდეს, რასაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. არასამთავრობოების საქმიანობა ყველგან გამჭვირვალეა, მხოლოდ ჩვენთან არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ქვეყანაში პოლარიზაციისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების გასავითარებლად. ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ უნდათ, რის გამოც არის ეს ყველაფერი ატეხილი. ელემენტარული გამჭვირვალობა არ უნდათ. არგუმენტი არ აქვთ და ბრმად ამბობენ, რომ ეს ევროპის იდეას ეწინააღმდეგება. რატომ ეწინააღმდეგება, ამას ვერავინ აგიხსნის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.