ირაკლი ქადაგიშვილი - არაფერი საკონსულტაციო აქ აღარ არის, 40 პროცენტი შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია, ჩვენთვის მისაღებია ის დოკუმენტი, რასაც ხელი მოვაწერეთ
ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი. იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ინიციატივით ვთქვით საერთოდ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია, კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ინიციატივიდან ახლა წარმოჩინება, რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი, ორი და სამი პროცენტის მიმატება, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი კეთილი ნების გამოხატულების ბოროტად გამოყენება. ვფიქრობ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც პრინციპში შეთანხმებული იყო სხვადასხვა მხარეების დიდი ხნის მუშაობის შედეგად და რომელიც დატოვა ბატონმა დანიელსონმა თავისი მედიაციის პირობებში, ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენ თვითონ ვთქვით 40% -იან ერთგვარ ჩამკეტზე, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად რეალისტური, კომპრომისული ნაბიჯი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე და 43-პროცენტზე მან ინფორმაცია ამ საღამოს „ექსპრომტად შეიტყო“.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე. ამაზე ალბათ, იქნება უკვე ხვალ მსჯელობა. ახლა დღეს საღამოს ექსპრომტად ვიგებ ამ ინფორმაციას. ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამინისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო.
არაფერი საკონსულტაციო ვფიქრობ აქ აღარ არის, რადგან ყველაფერი ჩვენი მხრიდან ცალსახად და პლუს კიდევ უფრო მეტად იქნება შემოტანილი – 40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია.
ეს ჩვენთვის არ არის მისაღები. მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება ხვალ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას მმართველი გუნდი, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მათ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ.
„ჩვენ დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ მათ უნდა შესთავაზონ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ამ საღამოს რაღაც სიახლე ირკვევა. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს კონსულტაციების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.