ირაკლი ქადაგიშვილი - არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია
ირაკლი ქადაგიშვილი - არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია

სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ, შეთანხმების დოკუმენტს ხელს ყველა პარტია არ მოაწერს, მუშაობას იმ პარტიებთან განაგრძობენ, რომლებსაც საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე რეალურად აქვთ ხედვა.

„ის განცხადება, რაც მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კრისტიან დანიელსონმა გააკეთა, მის მიერ გახმოვანებული ტექსტზე გვაქვს სრული მზაობა. კონკრეტულად რა დოკუმენტი დაიდება, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან „დრაფტზე“ მოლაპარაკების პროცესში შეიძლება გარკვეული კომპრომისი მოხდეს. ახლა, დილით ნაადრევია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი. სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად იქნება კომპრომისისთვის, რადგან მიზნები განსხვავებულია. თუ ევროპელი მედიატორების მიზანია, ქვეყნის ინსტიტუციების გაძლიერება და საპარლამენტო ცხოვრების გაგრძელება, პარტიების მიზნები სხვაა, რომ ამ მიმართულებით პროცესი არ განვითარდეს. იგივე მელიასა და რიგგარეშე საკითხებით სპეკულირება ხდება მუდმივად.

სწორედ ეს არის მთავარი სირთულე. ინსტიტუციური გაძლიერების ველზე რომ ყოფილიყო საუბარი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შეთანხმება დიდი ხნის მიღწეული იქნებოდა. თავისთავად, კარგი იქნება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მაგრამ თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი. ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული ობსტრუქციაზე და დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ვიღაც ხელს არ მოაწერს. სურვილი მაქვს, რომ ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ არ გადმოიხრება, ეს მათი განცხადებებიდან იკითხება კარგად. ამ შემთხვევაში მუშაობას გავაგრძელებთ იმ პარტიებთან, რომლებსაც რეალურად აქვთ ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.